მარინა მოდებაძე – ერთდროულად არშემდგარი  და შემდგარი „ექიმი“ – ლიდერი ქალი ახალციხიდან  

მარინა მოდებაძებავშვობაში ექიმობა უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანები გადაერჩინა, ექიმი ვერ გახდა, მაგრამ ცხოვრება მაინც ისე აეწყო, რომ 16 წელია ადამიანებზე ზრუნავს.. ზრუნავს რამდენიმე კუთხით: მათ ჯანმრთელობაზე, უფლებების დაცვასა და გააქტიურებაზე…

მისი სამიზნე ჯგუფი ქალები არიან, შემთხვევითი არც ესაა. ქალებზე ზრუნვა ბნელმა 90–იანებმა: სახლში, ხელოვნურად შეწყვეტილმა აბორტებმა, შინაურ პირობებში მოკლულმა რამდენიმე თვის ჩვილებმა, გართულებების შედეგად დაღუპულმა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა შთააგონეს….

ბენეფიციარების სათვალავი ერევა, ითვლის ასობით ლიდერ და ჯანმრთელობა შენარჩუნებულ ქალს, ათობით ოჯახურ ძალადობას გამორიდებულ და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ათამდე მაჟორიტარ ქალს…

ყველაფერი კი თითქმის 40 წლის წინ, 17 წლის ასაკიდან დაიწყო…

დაიბადა 1959 წლის 19 იანვარს, ახალციხეში, სოფელ ურაველში. აქვე დაამთავრა 8 კლასი და სწავლა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში გააგრძელა. სკოლის დამთავრების შედეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმია–ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად, მაშინდელ აღმასკომში, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის მდივნად დაიწყო მუშაობა. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო.

„ეს იცი რამხელა პასუხისმგებლობა იყო?! დაახლოებით ამჟამინდელი განრიდება–მედიაციის სამსახურის მსგავსი ფუნქციები ჰქონდა. როცა არასრულწლოვანი დანაშაულს სჩადიოდა, კომისია სწავლობდა მის საქმეს და სასამართლოზე შუამდგომლობით შედიოდა, რომ ბავშვი ვინმესთვის აღსაზრდელად გადაეცათ. უნიშნავდნენ საზოგადოებრივ აღმზრდელს და მისი ყველა ნაბიჯი იყო გათვლილი“, – ამბობს და სიამაყით იხსნებს პირველ, ყველაზე რისკიან ნაბიჯს, – „18 წლისამ პასუხისმგებლობა ავიღე 11 წლის ბიჭზე, რომელმაც მაღაზიაში 2 „პლიტკა შოკოლადი“ მოიპარა“.

ცხადად ახსოვს სასამართლო პროცესი და მოსამართლის გაოცებული სახე, როცა უთხრა, რომ ბავშვის აღმზრდელობა სურდა: „ჯერ იმას ვერ მიხვდა, ასე პატარას რა მინდოდა სასამართლოზე, მეორე გაოცება ჩემმა შეთავაზებამ გამოიწვია, მაგრამ უფლება მქონდა და წინააღმდეგი ვერავინ წავიდა. 18 წლის გოგონას აღსაზრდელად 11 წლის ვაჟი მანდეს. მახსოვს, როგორ დავდიოდი მასთან, სოფელ ანდაში და დამქონდა წიგნები“…

მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ახლა მეზღვაურია და რუსეთში ცხოვრობს: „ალბათ უკვე შვილიშვილები ჰყავს. ვიდრე საქართველოში ცხოვრობდა, მეკონტაქტებოდა. სამწუხაროდ, ახლა მასზე არაფერი ვიცი“.

002ეს ერთდროულად მისი პირველი ნაბიჯიც იყო, პირველი სტიმულიც, გამარჯვებაც და ამაღლებული თვითშეფასებაც. მერე იყო კომუნისტური პარტიის წევრობა, აღმასკომში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობა და ბოლოს აღმასკომის მდივნობა.

90–იანი წლების არეულობის შემდეგ, აღმასკომი რომ გაუქმდა, გარკვეული პერიოდი უსამსახუროდ დარჩა. მალევე, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე ახალგაზრდა, სამსახურში გამოიძახეს და პრეფექტურის აპარატის უფროსად დანიშნეს. აქ დაახლოებით 5 წელი დაჰყო. მოგვიანებით, რაიონული გამგეობები რომ ჩამოყალიბდა, აპარატის უფროსად გადაიყვანეს.

„2001 წელია ეს უკვე. 2001 წლის საკრებულოს არჩევნების შემდეგ, ყველა გადაგვაყენეს, თავიდან უნდა ავერჩიეთ და მახსოვს, რომ საკრებულოს 21–ვე წევრმა, ფარული კენჭისყრით, ერთხმად ამირჩია“.

გამგეობის აპარატის უფროსად ერთი წელი იმუშავა. 2002 წლიდან უკვე მაშინდელ ქალაქის მერიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად გადავიდა. პარალელურად, არასამთავრობო სექტორში დგამდა პირველ ნაბიჯებს. 1998 წლიდან მის მიერვე დაარსებულ ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

gender „მაშინ არასამთავრობოებს ფინანსური დახმარება არ ჰქონდათ.  ეს ის პერიოდია, ქვეყანას ძალიან რომ უჭირს, ხალხი თვეობით უხელფასოდ რომ მუშაობს… ვაგროვებდით საკვებს, ტანსაცმელს, სანთელს, ნივთებს და აშ, და გაჭირვებულ და მრავალშვლიან ოჯახებს ვურიგებდით“.

ასე სამი წელიწადი გაგრძელდა. 2002 წელს პირველი გრანტი მიიღო: „მერსი ქორმა“ ახალციხის სკოლა – ინტერნატის ბავშვთა პირობების გასაუმჯობესებლად გამოუყო თანხა. იხსენებს როგორი იყო მაშინ სკოლის შენობა: ჩამოლეწილი მინებით, ფანჯრებზე ადეალებით, სისველისგან ლპობაშეპარული ლეიბებით, სარეცხი მანქანების, აბაზანის, წყლის, გათბობის გარეშე… უყიდეს ყველაფერი: ტანსაცმელი, თეთრეული, სარეცხი მანქანები, შეშა, მოუწყეს აბაზანა…

ეს იყო პირველი პროექტი და პირველი ბიძგი, მთელი ენერგია არასამთავრობო სფეროსთვის დაეთმო. 2006 წელს საჯარო უწყებებს საბოლოოდ ჩამოშორდა. აქედან დაიწყო გაძლიერება ორგანიზაციამ „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“. ეს მაშინ, როცა ქალთა უფლებები, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში და გენდერული ბალანსი, რეგიონისთვის ჯერ კიდევ შორი ცნებები იყო. ეს მაშინ, როცა სამცხე–ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში რძლები ექიმებთან ოჯახის უფროსებს დაჰყავდათ, გოგონებს სკოლისდამთავრებისთანავე გარიგებით ათხოვებდნენ და ქალები საჯარო შეხვედრებს არ ესწრებოდნენ….

იძუელბიტ~ახლა უკვე ორგანიზაცია სამი მიმართულებით მუშაობს: ქალთა უფლებები  (ტრეფიკინგი, ოჯახური ძალადობა, იურიდიული მომსახურება), ქალთა ჯანმრთელობის დაცვა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა (ლიდერთა სკოლა, დემოკრატიის კლუბები, პეტიციები).

პირველი მიმართულება რა უნდა ყოფილიყო, მალევე გახდა ცხადი. ეს ის პერიოდია, როცა არც მედიკამენტები იშოვება, ქალები ხელოვნურად, ოჯახის პირობებში იკეთებენ აბორტებს, კლავენ რამდენიმე თვის ნაყოფებს, იღუპებიან ქალებიც და ბავშვებიც… სწორედ ამიტომ,  გადაწყვიტა ქალთა უფლებებზე დაეწყო მუშაობა. მალე დონორი ორგანიზაცია, შვედური ფირმა „ქალი ქალისთვის“ გამოჩნდა, ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ პირველი დაფინანსებაც მოვიდა და გინეკოლოგიურ–პროფილაქტიკური კაბინეტი გახსნა.

გამოკვლევები უფასო იყო.  ამბობს, რომ გინეკოლოგიურ პრობლემებს ალბათ ასობით ქალი გადაარჩინა. 2010 წლიდან გინეკოლოკიას სკრინინგ პროგრამაც დაემატა, სახელმწიფოს დაფინანსებით. ამან სიმსივნური დაავადებების პრევენციას შეუწყო ხელი. „მოსახლეობას ძალიან რომ უჭირდა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვინც უფასოდ ემსახურებოდა“, – იხსნებს იგი.

idzulebit dawyebuli bednierebaმალე კიდევ ერთ რისკიან ნაბიჯზე წავიდა და რეგიონში ოჯახურ ძალადობაზე დაიწყო საუბარი. 2007 წლიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა, სადაც 8 ქალის (შვლებიანად) მოთავსებაა შესაძლებელი. ეს ის მიმართულებაა, რომელზე საუბარიც ყველაზე მეტად უჭირს.

ახსოვს ყველაზე მძიმე ორი შემთხვევა. ერთი 19 წლის, ქუთაისელ, ორშვილიან გოგონას ეხებოდა: „15 წლის მოიტაცეს, მამა არ ჰყავდა, დედა შვილის ამბის გაგებისას ქუჩაში გამოვარდა და მანქანამ გაიტანა. მშობლების გარეშე დარჩენილი გოგონა წლების განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ბოლოს ვეღარ გაუძლო, ვენები გადაიჭრა და საავადმყოფოში მოხვდა. ცენტრში საავადმყოფოდან მოვიდა, ორი პატარა ვაჟი ჰყავდა. ახლა გათხვილია, მესამე შვილი, გოგონაც გააჩინა“.

მეორე შემთხვევა ბორჯომში მოხდა. 37 წლის ქალს ქმარი ორი დღე ჩაკეტილ ოთახში სცემდა. მესამე დღეს შვილმა მოახერხა დედასთან შეღწევა და დედის დავალებით დარეკა ცენტრში. სახლიდან პოლიციის დახმარებით დაიხსნეს: „მთელი ტანი დალურჯებული ჰქონდა, ნაკვერჩხლის საჩხრეკი რკინის ჯოხის კვალი ემჩნეოდა. ახლა თბილისშია, რესტორანში, სამზარეულოში მუშაობს, შვილებიც თავისთან ჰყავს. დღემდე მეკონტაქტება“.

მოგვიანებით, ძალები კიდევ ერთ, ახალ მიმართულებაში მოსინჯა – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე დაიწყო ზრუნვა. 2010 წელს, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ახალციხეში, ორგანიზაციის ბაზაზე, ქალ ლიდერთა სკოლა დააფუძნა. აქ, 2010 წლიდან დღემდე 160–მა ქალმა გაიარა გადამზადება. მათ შორის, ყველაზე უმცროსი 15, უფროსი კი 67 წლის იყო. 2–წლიან სკოლაში ქალები ლიდერის უნარ–ჩვევებს, ადგილობრივ და ცენტრალურ მოწყობას, საგარეო ურთიერთობებს, არჩევნების სპეციფიკას, თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსს, თვითმმართველობის ექსკლუზიურ და დელეგირებულ უფლება–მოვალეობებს , სტრუქტურული მოწყობას და ადვოკატირების კამპანიას ეუფლებიან .

საარჩევნო ბუკლეტებისკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის თემების გაერთიანებებში ქალთა დემოკრატიის კლუბები ჩამოყალიბეს. ყველა კლუბი დღემდე მოქმედია. კლუბებს საინფორმაციო დახმარებას  ახალციხეში მოქმედი საინფორმაციო ცენტრი უწევს. ცენტრის იურისტები აწვდიან კლუბებს ინფორმაციას საკანონმდებლო სიახლეებზე, ყველა იმ ნოვაციაზე, რაც ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება.

ლიდერი ქალების სახელს უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პეტიციების საშუალებით ხმის მიწვდენა. აქტივობის – „ხელისუფლება ხალხს, ხალხი ხელისუფლებას“ ფარგლებში, დემოკრატიის კლუბების წევრი ქალები პეტიციებს ადგენენ და ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა ინიციატივით მიმართავენ. მაგალითად: იყო პეტიციები იმაზე, რომ  1–ელ ბავშვზე 100 ლარიანი დახმარება დანიშვნოდა დედას, 1500 ლარით დაფინანსებულიყო გადაუდებელი ოპერციები, დაფარულიყო მშობიარობის თანხის ნაწილი, საბავშვო ბაღში სწავლის ქირა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და ა.შ.

ბოლო პეტიცია, რომელიც მიიღეს და გაიტანეს, გასულ წელს, მშობიარობის თანხების გადახდა იყო: მესამე ბავშვზე სრულად, მეორეზე ნახევარი დ პირველზე ნაწილობრივ. სულ ბოლო პეტიციას კი საკრებულოში სამშაბათს, 27 მაისს შეიტანენ. პეტიცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხება. მათთვის ახალციხის ქუჩებში პარკირების ადგილების გამოყოფას ითხოვენ.

ახლა, არჩევნებთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აქვთ. ცენტრის ოფისში ასობით სომხურენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი დევს. დემოკრატიის კლუბებმა ეს ბუკლეტები ამომრჩევლებში უნდა გაავრცელონ იმისათვის, რომ ადგილობრივებმა არჩევნების შესახებ მეტ გაიგონ და მისი მნიშვნელობა გაათვითცნობიერონ. პარალელურად, სკოლის რამდენიმე მონაწილე ადგიობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატია, ზოგი პარტიული სიით, ზოგიც კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი.

თავად საჯარო სამსახურში დაბრუნებას ჯერ არ ფიქრობს. ამბობს, რომ მაჟორიტარად კენჭისყრა შესთავაზეს, თუმცა, უარი თქვა. ფიქრობს, რომ ახლა ზუსტად იქაა, სადაც უნდა იყოს და საიდანაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.

შვილი და შვილიშვილი

ამბობს, რომ 17 წლის ასაკში რომ დაბრუნდეს, არაფერს შეცვლიდა: „ ბავშვობაში მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი, ფაქტობრივად ვარ კიდეც ექიმი, ვეხმარები ყველას,  ვისაც ეს სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით – ვთვლი, რომ ეს ჩემი მისიაა და ვახორციელებ“.

პირად ცხოვრებაზე ცოტას საუბრობს. 26 წლის ასაკში გათხოვდა, ერთი ქალიშვილი ჰყავს, მისი სინანულიც და სიამაყეც შვილს უკავშირდება.  ნანობს, რომ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, მეორე არ გააჩინა. ამაყობს, რომ ზუსტად ისეთი შვილი ჰყავს, როგორიც უნდოდა რომ ჰყოლოდა და რომელიც დედისგან განსხვავებით, ბევრ შვილს გააჩენს.

საქმე, რასაც ყოველ დილით აუცილებლად აკეთებს, შვილიშვილთან დარეკვაა. ამბობს, რომ ეს მთელი დღის ენერგიას აძლევს.

ბედისწერის არსებობის სჯერა: „ გარკვეულწილად ცხადია შენზეა დამოკიდებული შენი ცხოვრება, მაგრამ ბედისწერა არსებობს, ხანდახან მთელი ენერგია დახარჯო შეიძლება და საქმე არ გამოვიდეს. ხანდახან კი არც თუ ისე ბევრს გააკეთებ და გამოდის“.

მისი ცხოვრების მასწავლებელი ადგილობრივი თინა კიკნაძეა, რომელიც მაშინ, როცა 17 წლის გოგონა აღმასკომში მოხვდა, აღმასკომის მდივანი იყო: „17 წლის გოგო რომ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ხვდები, რთულია. თინა კიკნაძის სახელი მაშინ ქუხდა და სულ მინდოდა მისნაირი  ვყოფილიყავი, ერთგვარად ვბაძავდი კიდეც. ხშირად დამიჭერია მისი ხელწერა ჩემს თავში“.

386364_292967400742784_77603776_nსაქართველოს გარდა ვერსად იცხოვრებდა, ამას მიჯაჭვულობით ხსნის. არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი. მის შთაბეჭდილებებში დღემდე დარჩა შოტლანდია: სილაღით, ღიმილიანი მცხოვრებლებითა და დახვეწილობით და პრაღა არქიტექტურით.

10 წლის შემდეგ ცხოვრება გაერთიანებულ საქართველოში უნდა. სახლახო დიპლომატიაში ნდობის აღდგენის ჯგუფშია და იცნობს ოსებისა და აფხაზების დამოკიდებულებას, ამბობს, რომ ეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. უნდა, რომ თავად 10 წლის შემდეგაც ასეთი ენერგიული იყოს.

როცა ძლიერ ქალებზე ეკითხები, მარგარეტ ტეტჩერსა და ანგელა მერკერს ახსენებს. არაპოლიტიკური ძლიერი ქალებიდან კი  პირველი ირინა ენუქიძე ახსენდება.

„მასში იმხელა სიმტკიცეს, ენერგიას, ბრძოლის ჟინს ვხედავდი, მართალია შეეწირა, მაგრამ ღირსეულად შეეწირა“, –ამბობს და მთელი ინტერვიუს განმავლობაში პირველად ქრება მის თვალებში ენერგიული და ოპტიმისტური სხივი.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

                                                                         

Реклама
Галерея | Запись опубликована в рубрике რეპორტაჟი. Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s